English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘
აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი და "ვეფხისტყაოსანი"

საქართველოში არც ერთ წიგნს არ ჰყოლია იმდენი მკითხველი, რამდენიც"ვეფხისტყაოსანს", არც ერთი მხატვრული ნაწარმოები არ გადაწერილა და დაბეჭდილა იმდენჯერ, რამდენჯერაც რუსთაველის ეს უკვდავი ქმნილება.

ივ. ჯავახიშვილის სიტყვებით, ლხინსა თუ ჭირში ქართველ ხალხს, უპირველეს ყოვლისა, "ვეფხისტყაოსნის" დაუშრეტელი სიბრძნე აგონდებოდა ამ პოემაში კი"ოქროსავით მიმობნეულია სოციალური ხასიათის სიბრძნე". ეს წიგნი შვიდსაუკუნე-ნახევარი აერთიანებდა საქართველოს. მას ზეპირად სწავლობდნენ საქართველოს ყველა კუთხეში, მათ შორის ისინიც ვისაც სხვისი წაკირთხვით ჰქონდა მოსმენილი პოემა. აქ მასის საღი აზროვნება და მხატვრული გემოვნების მაღალი დონე ჩანდა (მით უფრო, რომ არსებობს ხალხური "ვეფხისტყაოსანი', ანუ "ტარიელიანი").

რუსთაველის გარშემო ბევრი რამ მაინც ბუნდოვანი იყო. "ვეფხისტყაოსანს" ზიანს აყენებდა შეუგნებელი მოყვარულიცა და მოძულეც. ეს თვით ტექსტსაც ეხებოდა. ისტორიამ კი უკიდურესად მცირე მასალა დაგვიტოვა უკვდავი ნაწარმოების ავტორის შესახებ. მართალია, მაგრამ, თუ თამარის ისტორიკოსი საჭიროდ თვლის, იოანე შავთელი არ დაივიწყოს, მას შოთა რუსთაველის უბრალო ხსენებაც კი ზედმეტად მიუჩნევია. ამის მიზეზს ხსნის ივანე ჯავახიშვილი.

დიდ ქართველ ისტორიკოსს წილად ხვდა სიძველის ბინდით დაფარული მოვლენების ახსნა და გაშუქება. ივ. ჯავახიშვილი პეტერბურგში მოღვაწეობის დროს აქტიურად მუშაობდა "ვეფხისტყაოსანზე'. შემდგომ მან ეს მუშაობა განაგრძო თბილისში, სადაც მრავალი პრობლემის შესწავლისას იყენებდა "ვეფხისტყაოსანს". მაგრამ ყველაზე შრომატევადი სამუშაო მკვლევარმა "ვეფხისტყაოსანის" იუბილეს პერიოდში შეასრულა. ივ. ჯავახიშვილის ამ პერიოდის რუსთველოლოგიური ნაშრომები გამოქვეყნებულია 1956 წელს გამოსულ კრებულში "ქართული ენისა და მწერლობის ისტორიის საკითხები".

შოთა რუსთაველის ბიოგრაფიის თაობაზე ცნობების სიმცირეს ისტორიული ახსნა და გამართლება აქვს. საქმე ის არის, ივ. ჯავახიშვილის აზრით, რომ შოთა რუსთაველის პოემას ძველ საქართველოში ერთნაირი გრძნობითა და აღფრთოვანებით არ შეხვედრიან, მის მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელთა და მადიდებელთა გვერდით ძლიერი მოწინააღმდეგენიცა და მტრულად განწყობილნიც ყოფილან, უმთავრესად კლერიკალური წრეების წარმომადგენელთა შორის. "იმათი გავლენა იმდენად ძლიერი ვერ იყო, რომ შოთას მომხიბლავი ნაწარმოები მოესპოთ, მაგრამ იმდენი ძალა მაინც შესწევდათ, რომ ამ გენიოსი მგოსნის სახელი, ვინაობა და ღვაწლი საუკუნეთა განმავლობაში წყვდიადით ყოფილიყო მოცული და იმდროინდელი ცხოვრების მომთხრობელის საისტორიო თხზულებაში მისი ხსენებაც კი არ გამოჩენილიყო"(გვ.6). ამიტომაც შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ მომდევნო საუკუნების მანძილზე არ იხსენიება შოთა რუსთაველის სახელი, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენამდის იმ დროიდან უმთავრესად საეკლესიო დაწესებულებათა წიგნსაცავების ხელნაწერებმა მოაღწიეს.

"ვეფხისტყაოსანი" მისი ავტორის დროსაც და მერმინდელ საუკუნეებშიც თავისუფალი აზროვნების სიმბოლო, საერო ცხოველმყოფელი მხატვრული შემოქმდების მოტრფიალეთა აღტაცების საგანი და ასევე გონებდახშულ ფარისეველ პურიტანისტთა სიძულვილისა და გაკიცხვის საგანიც იყო. "ვეფხისტყაოსნის" გარშემო მრავალსაუკუნოვანი იდეური ბრძოლა გაიშალა. გაიმარჯვა შოთა რუსთაველის ცხოველმყოფელმა სიბრძნემ. იგი ხალხმა (და არა მარტო ქართველმა ხალხმა) უკვდავევბის შარავანდედით შემოსა. თუ ამ პოემის მოძულეებმა მას ზიანი ვერ მიაყენეს, – ვინაიდან ისტორიამ გაამტყუნა ისინი – "ვეფხისტყაოსნის" ტექსტს საგრძნობი ზიანი მიადგა პოემის იმ თაყვანისმცემლებისაგან, რომლებიც პოემას შესაფერისი მოწიწებით არ მოპყრობიან. ზოგ გადამწერს მოსჩვენებია, რომ ტექსტს ცალკეული ეპიზოდი აკლია, ზოგიერთს კი პოემა დაუმთავრებელ ნაწარმოებად მიუჩნევია და, მათი აზრით, ეს უსრულობა შეუვსია და ხელნაწერში ჩაურთავს. ამ გზით ეს "უკვდავი თხზულება სხვათა ნაცოდვილარით შერყვნილა" (გვ.7). ამიტომ "ვეფხისტყაოსნის"  აკადემიური ტექსტის დადგენას დიდი მეცნიერულ-პატრიოტული მნიშვნელობა აქვს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ივანე ჯავახიშვილი უდიდესი სიფაქიზით ეპყრობოდა "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დადგენას. გადამწყვეტი სიტყვა, მისი აზრით, აქ ფილოლოგებს უნდა ეთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ღრმად განათლებული ფილოლოგი იყო, იგი არ იღებდა უნივერსიტეტის რექტორის წინადადებას, რომელმაც ბრძანებით "ვეფხისტყაოსნის' ტექსტის დამდგენი კომისიის თავმჯდომარედ და მთავარი სარედაქციო კომისიის წევრთა შორის შეიყვანა ივ. ჯავახიშვილი. იგი რედაქტორს სწერს: "მოვალეობად მიმაჩნია მოგახსენოთ პირადად ჩემს შესახებ. როგორც კარგად მოგეხსენებათ, მე მწერლობის ისტორიაში არასდროს მიმუშავნია და ამ საგანს ჩემს სპეციალობად არ ვთვლი. ამის გამო ასეთი პასუხსაგები კომისიის წევრობა და, მით უმეტეს, თავმჯდომარეობა, თუნდაც მორიგეობით არ შემიძლია ვიკისრო და ის დიდი პასუხისმგებლობა გავიზიარო, რომელიც ამ კომისიას, მთავრობის და საქართველოს მკითხველი საზოგადოების წინაშე დააწვება. ამ ჩემთვის გადამწყვეტ მოსაზრებას ზედ ის გარემოებაც ერთვის, რომ მე კრებაზე სიარული უკვე აღარ შემიძლიან, რადგან მოკამათის ნალაპარაკევი თუ მაღლახმივ არ არის წარმოთქმული, აღარ მესმის". ეს ის დროა, როცა ყურთსასმენი აპარატი ჯერ კიდევ არ აქვს გამოწერილი საზღვარგარეთიდან.

რასაკვირველია, ივ. ჯავახიშვილი როგორც ისტორიკოს-ფილოლოგი არ შეზღუდულა "ვეფხისტყაოსნის" კრიტიკული ტექსტის გამოცემის მიმოხილვით. იგი, ამასთან ერთად, უაღრესად ღრმა კომპეტენტურ ფილოლოგიურ დასკვნებს აკეთებს ამ ტექსტის დასადგენად.

"ვეფხისტყაოსნის" კრიტიკული ტექსტის გამოცემის ისტორიის მიმოხილვას კი ივ. ჯავახიშვილი იწყებს იმ დამსახურების აღნიშვნით, რაც ქართული კულტურის ერთგულ დარაჯს ვახტანგ VI-ს ეკუთვნის. "ვეფხისტყაოსნის" პირველი სტამბური გამოცემა არ ყოფილა მარტოოდენ პირადად ვახტანგ VI-ის საკუთარი სარედაქციო მუშაობის ნაყოფი. საქმე ისაა, რომ არც საისტორიო და არც სამართლის ძეგლების შეგროვება-გადარჩენისა და გამოცემისათვის მუშაობის დროს, ვახტანგ VI-ს ტექსტის თვითნებური აღდგენა არ უცდია, დასახული მიზნის მიღწევას და განხორციელებას იგი ყველგან და ყოველთვის საუკეთესო ხელნაწერისა და უძველესი ტექსტის გამოყენებით ცდილობდა. როგორც ჩანს, ვახტანგ VI-მ პოემის გენიალური შემოქმედის ყველა საუკეთესო ცნობილი ხელნაწერი შეაგროვა, მათგან სხვებზე უკეთესი და უძველესი რედაქციის გამორჩევა შეძლო და პირველად სტამბურად დაბეჭდა. ამიტომ ივ. ჯავახიშვილს დაუჯერებლად მიაჩნია მტკიცება, რომ ვახტანგ VI-მ თვითნებურად შეამცირა პოემის ტექსტი. ამას ერთვის ისიც, რომ არავითარი მოტივი, საფუძველი არ ჰქონდა ასე მოქცეულიყო ქართული კულტურული განძეულობის ეს სწორუპოვარი მოამაგე.

ის ფაქტი, რომ ფართო გავრცელებისათვის ვახტანგმა სწორედ "ვეფხისტყაოსანი" აირჩია, ცხადყოფს, თუ რამდენად ძვირფას განძად მიაჩნდა იგი ქართველობისათვის. ეჭვი არაა, ვახტანგისათვის, ადვილი არ იყო კავკასიის პირველ სტამბაში "ვეფხისტყაოსნის" გამოქვეყნება. კლერიკალური წრეები ხომ ამ წიგნში ქრისტიანულს ვერაფერს ხედავდნენ. მეტიც, მრუშობისა და სიძვის ქებად მიაჩნდათ ის. მათგან თავს იცავდა ვახტანგ VI, იგი თვლიდა, რომ "ვეფხისტყაოსანი",  როგორც პოემა, "საღმრთოც იყო და საეროც". მას რომ შოთას ქმნილების თვითნებური ცვლილებების შეტანა დაესახა მიზნად, "ვეფხისტყაოსნიდან", უპირველესად, სწორედ არაქრისტიანული ადგილებისა და მრუშობა-სიძვის ამბის მოთხრობის ამოშლას ეცდებოდა და, სამაგიეროდ, ყოველ წვრილმანს ცნობასაც კი ქრისტიანობისა და სჯულიერი ცოლ-ქმრობისა და სიყვარულის შესახებ თვალისჩინივით გაუფრთხილდებოდა (გვ. 23). ძნელია უფრო გონებამახვილური ახსნა იმ დროს, როცა პირდაპირი დამამტკიცებელი საბუთი ხელთ არა გაქვთ!

ივ. ჯავახიშვილმა საგანგებოდ მიმოიხილა პოემის ტექსტის დაზუსტების თაობაზე გამოთქმული შეხედულებები, განსაკუთებით კი აღნიშნავს აკად. ნ. მარის დიდ ღვაწლს რუსთველოლოგიაში.

ივ. ჯავახიშვილს თვით ვახტანგ VI-ის მიერ "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დასასრულის საკამათო პრობლემის გადაწყვეტა სრულიად არ მიაჩნდა ერთადერთ სწორ ახსნად. მისი აზრით, პოემა ვახტანგისეულ ხელნაწერთა და გამოცემას დაბოლოებაზე უფრო ადრე უნდა წყდებოდეს - "სახელდობრ, ავთანდილისა და თინათინის ქორწილის თავის იმ ტაეპზე, სადაც ნესტან-დარეჯანის თინათინთან გამოთხოვებისა და სამშობლოში გამგზავრების ამბავია აღნიშნული... ამ ტაეპის მომდევნო ტაეპთაგან რომ უკვე მერმინდელი დანართია, იმითაც მტკიცდება, რომ მომდევნო ტაეპში გამგზავრებულთა გამოთხოვებისა და წასვლის ამბავი კვლავ იწყება, მაგრამ უფრო ვრცლად და გაზვიადებით. ქალთა გამოთხოვებისა და გაყრის წუთები შოთას მოკლედ, მაგრამ მისებრი მოხდენილობითა და გრძნობით აქვს მოთხრობილი" (გვ. 25).

პოემის დასასრულზე მსჯელობისას ივ. ჯავახიშვილი "ვეფხისტყაოსნის" ენის თავისებურებებიდანაც გამოდიოდა. იგი ასე მხატვრული სიძლიერით ახასიათებდა ამ ნაწარმოების ენას: `რუსთაველს კარგად ჰქონდა შეგნებული მოკლე, ნარნარი თუ ცქრიალა, მოსწრებული მკვეთრი სიტყვის უაღრესი მომხიბვლელობა გრძელსა და გაჭიანურებულ სიტყვასთან შედარებით. მას ესმოდა, რომ მგოსანი და პოემის, რომანის ავტორი, გმირების თავგადასავლის აღმწერელი და ბიოგრაფი არ არის. ამ შეგნებამ შოთას თავიდან ააცდინა ის უხეში შეცდომა, რომელიც სპარსული სიტყვისა და გრძნობათა გამომხატველობის შეუდარებელ ოსტატს გურგანელ მგოსანს მოუვიდა, რომ თავისი "ვისრამიანი" მოჭარბებული მრავალსიტყვიანობის გამო აქა-იქ მოსაბეზრებილი გახადა და თავისი გმირების სრული ბიოგრაფიის დონემდე დაქვეითდა" (გვ.29).

საავტორო სამართლის ისტორიის ღრმა ცოდნა საშუალებას აძლევს ივ. ჯავახიშვილს, უარყოს მწერალ კ. ჭიჭინაძის მცდარი დასკვნა "ვეფხისტყაოსნის" სხვადასხვა ავტორისეულ გამოცემათა შესახებ.

კ. ჭიჭინაძე ამტკიცებდა, რომ რუსთაველმა რამდენიმეჯერ, შეიძლება სამჯერ, გადაამუშავა თავისი პოემა, რომელსაც ის ათეული წლების განმავლობაში წერდა და რომ თითქოს რუსთაველის პოემის სხვადასხვა რედაქციის არსებობაც თვით ავტორისვე სხვადასხვა დროის მუშაობის ნაყოფიაო, რასაკვირველია, ეს თეორია თანამედეროვე პირობების ანალოგიით იყო შეთხზული. მას გარეგნული დამაჯერებლობის მიმზიდველობაც ჰქონდა. ივ. ჯავახიშვილის სიტყვებით, მასთან კერძო საუბარში ერთ-ერთ ავტორს კიდეც უთქვამს, რომ "ეს დებულება მას მოსწონს და დამაჯერებლად მიაჩნია საკუთარი მხატვრული ნაწარმოების სხვადასხვა გამოცემის შედეგად მიღებული პრაქტიკიდან. აქ კი მკითხევლის წინაშე მხატვრული ნაწარმოების ავტორის პასუხისმგებლობის საკითხს შესანიშნავად გამოსთქვამს ივ. ჯავახიშვილი: `რა თქმა უნდა, მხატვრული ნაწარმოები, ერთი ხელის გაქნევით და კალმის მოსმით არ დაიწერება და ავტორს, სანამ თავის თხზულებას დაამთავრებდეს, შესაძლებელია მისი ამა თუ იმ ადგილის სხვადასხვა ვარიანტები, რამდენიმე რედაქციაც კი ჰქონდეს, მაგრამ რაწამსაც ავტორი თავის თხზულებას დამთავრებულად მიიჩნევს და გამომცემელს გადასცემს, ის მის შემთხზველს დასრულებული, სრულებით მწიფე ნაყოფივით უნდა მოსწყდეს, რომელშიც უკვე ვერაფერი შეიცვლება.

მხატვრული ნაწარმოების მერმინდელი შეცვლა მხოლოდ იმის გამომმჟღავნებელია, რომ თხზულება მის ავტორს ნაადრევად ჰქონია დამთავრებულად მიჩნეული და მის გამოქვეყნებას აჩქარებულა. არც ერთი თავმოყვარე და მკითხველის პატივისმცემელი ავტორი თავისი თხზულების საბოლოო ტექსტის უწინარესი ვარიანტებისა თუ რედაქციების გამოქვეყნებას არ შეუდგება. ასეთი მასალა მის ბიოგრაფებისა და მწერლობის ისტორიკოსების, ისევე როგორც შემოქმედების ფსიქოლოგიის მკვლევართათვის არის საინტერესო და მნიშვნელოვანი.

მხატვრული ნაწარმოები სამეცნიერო გამოკვლევა და ნაშრომი არ არის, რომელიც, რაკი საკითხის ყველა არსებული წყაროებისა და მიმდინარეობათა სინთეზს უნდა წარმოადგენდეს, ყოველ მერმინდელს გამოცემაში უეჭველად უნდა შეივსოს და, თუ საჭირო იქნება, გადამუშავდეს კიდევაც. მხატვრული ნაწარმოები, პირიქით, ყოველმხრივ დამთავრებული და სრული უნდა იყოს. რაც უფრო მეტად შეიგნებენ ამას ჩვენი მწერლები, რომელთაც ასეთი უცნაური აზრი დაბადებიათ, მე მგონია, ქართული თანამედროვე მწერლობისათვის და პირადად მათი სახელისათვის მით იფრო უკეთესი იქნება (გვ. 21). აქ საერთო პრინციპია მხატვრული ნაწარმოების გამოცემისა, რომლის უფლება სიცოცხლეში მხოლოდ და მხოლოდ ავტორს აქვს. რა თქმა უნდა ყველაფერი ეს არ არის საკმარისი იმისთვის რომ დავადასტუროთ "ვეფხისტყაოსნის"  სხვადასხვა რედაქციის არსებობის შეუძლებლობა. ივ. ჯავახიშვილი სავსებით დამაჯერებლად გვიჩვენებს, რომ ავტორის უფლების დაცვა და საავტორო სამართლის შექმნა მხოლოდ გუტენბერგის მიერ წიგნის ბეჭდვის გამოგონებამ და მრავალტირაჟიანი წიგნის გამოსვლამ წარმოშვა.

რასაკვირველია, მანამდეც ავტორები თავიანთ თხზულებებს ერთბაშად არ წერდნენ, მაგრამ უიშვიათესი შემთხვევაა, რომ მათი შავად ნაწერი დედანი გადარჩენილიყოს. რაც მთავარია, მრავალტირაჟიანი წიგნების ბეჭდვამდე, ივ. ჯავახიშვილის სამართლიანი შენიშვნით, ავტორს თავისი ნაწარმოების საავტორო უფლების დაცვის საშუალება არ ჰქონდა, რადგან საკმარისი იყო ერთი ადამიანისათვის თავისი დედანი გადასაწერად მიეცა, რომ მისი სხვათაგან გადაწერის აკრძალავა არ შეიძლებოდა. ახალ-ახალი გამოცემისათვისაც მაშინ სტიმული არ არსებობდა და ერთხელ გამოშვებული ნაშრომის ტექსტის შეცვლის საშუალება ავტორს არ ჰქონდა. მაშინ ავტორისთვის კი არა, არამედ გადამწერთათვის იყო ახალ-ახალი რედაქციების არსებობა ხელსაყრელი. ასეთ პირობებში ყოველი ავტორი ცდილობდა, თავისი ნაშრომი რაც შეიძლება უზადო და სრული გამოსვლოდა. მისი ტექსტის ხელუხლებლად დაცვისთვის, ხელნაწერში მოთავსებული ვედრების გარდა, არაფერი სხვა საშუალება რა მოიპოვებოდა. ავტორს მაშინ თავისი სამწერლობო მუშაობით არსებობა არ შეეძლო და ვინც ამ მოღვაწეობას თავის სპეციალობად გახდას მოიწადინებდა, იმას ან კარის მგოსნობა უნდა მიეღო და ეკისრა, ანდა რომელსამე შეძლებულ მეცენატს შეჰკედლებოდა. ცხადია, რომ ასეთ პირობებში მხატვრული ნაწარმოების ახალ-ახალი რედაქციების ავტორისაგან გამოშვებაზე ლაპარაკი შეუძლებელია დამაჯერებელი იყოს და "ვეფხისტყაოსნის" სხვადასხვა რედაქციების ამნაირ წარმოშობილობის თეორიაც საფუძვლიანი არ არის" (გვ.21-22). საავტორო სამართლისა და წიგნის ბეჭდვის ისტორიის ცოდნა მთლიანად აქარწყლებს თანამედროვე წიგნის გამოცემის ანალოგიით წარსულში გადატანილ შედარებას.

ივ. ჯავახიშვილი ქართველი ინტელიგენციისაგან მოითხოვდა, რომ 'ვეფხისტყაოსნის' 750 წლისთავის ზეიმში იგი მარტო აღტაცების პასიური გრძნობით კი არ დაკმაყოფილებულიყო, არამედ თავისი წვლილი შეეტანა ნაწარმოების შესწავლასა და მხატვრული საშუალებებით განსახიერებაში. სწორედ ამიტომ 1935 წელს ივ. ჯავახიშვილი წყენით აღნიშნავდა, რომ ქართველმა მხატვრებმა და კომპოზიტორებმა ხომ შოთას თხზულებისადმი სრული უყურადღებობა გამოიჩინეს. თუნდაც ის რად ღირს, რომ "უნგრელ ცნობილ მხატვარს ზიჩს ქართველი მგოსნის პოემის შინაარსის მხატვრული განსახიერება ეკისრა, ქართველ მხატვართაგან კი არც ერთს ასეთი სრულებით ბუნებრივი სურვილი თავისით არ განუხორცელებია". ძალზე ცოტა იყო იმ დროისათვის გაკეთებული ქართველ კომპოზიტორთა მიერ იმისათვის, რომ "ვეფხისტყაოსნის" მხატვრული მშვენიერება და სიტყვიერი მუსიკალურობა ჰანგებითაც აღბეჭდილიყო.

ივ. ჯავახიშვილი ქართველ მეცნიერთა, მწერალთა, მხატვართა, კომპოზიტორთა წინაშე ამოცანად აყენებდა უკვდავი პოემის იუბილეს დროს იმ ზნეობრივი ვალის მოხდას, რაც მათ "ვეფხისტყაოსნის" გენიალური ავტორის წინაშე ჰქონდათ. დასკვნის სახით ეს შემდეგნაირადაა ჩამოყალიბებული: "750 წლისთავის ზეიმის აღსანიშნავად განკუთვნილი "ვეფხისტყაოსნის" გამოცემა შეუძლებელია მხოლოდ კარგი გამოცემა იყოს: ის უნდა უეჭველად სამაგალითო, უზადო გამოცემა იქნეს. ამგვარადვე ძეგლიც, რომელიც გენიოს მგოსანს დაედგმება, მისი შემოქმდების სიდიადის, აღმაფრენის, ჰაეროვნებისა და მისი იდეალების სიღრმის ამსახველადაც უნდა მოგვეჩვენოს შოთას თხზულებასა და სახელთან დაკავშირებული მუსიკალური ნაწარმოებიც, მისი ლექსის განმაცვიფრებელი სინარნარისა და გამომხატველობითი ნიჭის ღრმა გულწრფელობით უნდა იყოს გამსჭვალული, ჰაეროვანი აღმაფრენის მონაბერად უნდა მოგვევლინოს" (გვ.12).

კვლავ უნდა გავიმეოროთ: შოთა რუსთაველის იუბილეს რომ ასე დიდი წარმატებები მოჰყვა, ამაში ფრიად მნიშვნელოვანი იყო ივ. ჯავახიშვილის ღვაწლი. ზოგიერთ მხარეს მისი მოღვაწეობისას თბილისსა და საქართველოში ჩვენ უკვე შევეხეთ. ივ. ჯავახიშვილის ავტორიტეტი იმდენად დიდი იყო, რომ შოთა რუსთაველისა და მისი ეპოქის შესახებ საბჭოთა კავშირის რომელი კუთხიდან არ ეკითხებოდნენ მას. აკი, ამის გამო სწერდა 1937 წლის 2 ივნისს იგი ვარ. დონდუას: „აუარებელი სამუშაოა, მოსკოვიდან, ხარკოვითგან, ერევნითგან, ბაქოთგან, ვისაც კი შოთას დღესასწაულებთან ან რაიმე კავშირი აქვთ, ან რაიმე მოუვა ფიქრათ, ჩემთან მოდიან და წერილობით მეკითხებიან“.

საპასუხო საგაზეთო წერილები, საუბარი და მსჯელობა საკითხთა თითქმის განუსაზღვრელ წრეზე, დამატებით ენერგიას თხოულობს და ივ. ჯავახიშვილს ეს შემოქმდებითი შრომა ავიწყებს განუკურნებელი ავადმყოფობის ტკივილებს. ასე იცის დიდი მიზნით დაკავებულობამ. რასაკვირველია, თავის ამ საშვილიშვილო მოღვაწეობაში ივ. ჯავახიშვილს მხარის დამჭერიც არ ელეოდა. თვით პარიზიდან არ ივიწყებდა ივ. ჯავახიშვილს ქართულ საგანძურთა ფხიზელი მფარველი ექ. თაყაიშვილი. იგი მომენტით სრაგებლობდა, კვლავ დაეყენებინა საკითხი მშობლიური ხალხისთვის მისი სიმდიდრის დასაბრუნებლად. იგი საფრანგეთის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარეს არწმუნებდა `... ქართული უნივერისტეტი და სამეცნიერო დაწესებულებანი აგრძელებენ სამეცნიერო მუშაობას. ასე, მაგალითად, ამჟამად ისინი ემზადებიან სახელგანთქმული მგოსნის შოთა რუსთაველის დაბადებიდან 750 წლისთავის საზეიმოდ აღნიშვნისათვის და კერძოდ ამზადებენ მისი ნაწარმოების სამეცნიერო გამოცემას. სამი ყველაზე ძველი და ძვირფასი ხელნაწერი მისი პოემისა იმყოფება ზემოთხსენებულ ყუთებში და უსამართლობა იქნებოდა, გამომცემლობისათვის ამ ძირითადი ხელნაწერის გამოყენების საშუალება წაგვერთმია.`

ჩვენ არ ვთვლით საჭიროდ, ივ. ჯავახიშვილის იმდროინდელი მოღვაწეობის ყველა მხარეს შევეხოთ, მაგრამ ერთი კი უნდა აღვნიშნოთ, ესაა ივ. ჯავახიშვილის მოხსენება წაკითხული 1937 წლის 27 დეკემბერს საბჭოთა მწერლების კავშირის V პლენუმზე თბილისში. ეს მოხსენება მთელი ზეიმის გვირგვინად იქცა. მისი სათაურია "რუსთაველის ეპოქის საქართველოს სოციალური კულტურა და პოემა "ვეფხისტყაოსანი".

საკავშირო მწერალთა კავშირის პლენუმის მოწვევა მოსკოვის გარეთ იშვიათი შემთხვევა იყო. მაშინ მხოლოდ იწყებოდა მსოფლიო მწერლობის კლასიკოსების თარიღების საყოველთაო-სახალხო აღნიშვნა. მწერალთა იშვიათად დიდი რაოდენობა თავს იყრის თბილისში, რომ ერთი უკვდავი წიგნის 750 წლისთავი აღნიშნოს. მწერლებთან ერთად თბილისში ჩამოვიდნენ ცნობილი მეცნიერებიც. მათ შორის იყო სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის დელეგაცია. იგი ჭეშმარიტად ხელდამშვენებული მოვიდა ამ იუბილეზე. სწორედ აკადემიის პრეზიდენტის აკად. ვ. ლ. კომაროვის მიერ ხელმოწერილმა განკარგულებამ განაპირობა "ვეფხისტყაოსნის" ახალი რუსული თარგმანის გამოსვლა. ორი კრებული (აკად. იოსებ ორბელის რედაქციით) შოთა რუსთაველის ეპოქას მიეძღვნა, არაფერი რომ არ ვთქვათ იმაზე, რაც თბილისში გაკეთდა სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის მიერ. აქვე უნდა დავძინოთ, რომ საბჭოთა კავშირის ხალხთაგან ჯერ მხოლოდ რუსულ ენაზე იყო თარგმნილი სრულად პოემა. იუბილემ დაუდო სათავე შოთა რუსთაველის არნახულ პოპულარობას საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ხალხში. სწორედ იუბილეს შემდეგ რამდენიმე ენაზე მთლიანად ითარგმნა "ვეფხისტყაოსანი". ის ისტორიულ-პოლიტიკური ტრაქტატი ან ისტორიული რომანი როდია, მაგრამ იგი ეკუთვნის თავისი ეპოქის გენიალურად ამსახველ ავტორს, რომლის იდეები სწვდება მომავალ საუკუნეებსაც. ამიტომ მეტად მნიშვნელოვანი იყო მოხსენება იმის შესახებ, თუ რა სოციალურმა კულტურამ წარმოშვა "ვეფხისტყაოსანი".`

ივ. ჯავახიშვილზე უკეთ ამის წარმოჩენა არავის შეეძლო. მომხიბლავი იყო არა მარტო ფაქიზი ინტელექტუალური გარემო, რომელიც მის გამოჩენას ახლდა: შორსმჭვრეტელი და თვინიერი თვალები, მშვიდი ნაბიჯები, აკურატული, მაგრამ არა თვალშისაცემი ჩაცმულობა, ცხოვრებითა და შრომით გაჭაღარავებული თმა. სახენათელი მომხსენებლის პირველივე სიტყვიდანვე დარბაზი გაათბო მისმა რუსულმა, ჭეშმარტმა პეტერბურგულმა რუსულმა გამოთქმამ.

ივ. ჯავახიშვილი თავის მოხსენებაში ღრმად მიმოიხილავს საქართველოს სოციალურ-კულტურულ ცხოვრებას X-XI საუკუნეებში, რომლებმაც მოამზადეს საქართველოს კულტურის აყვავება XII საუკუნეში. საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლა არამარტო გარეგან მტერთან უსასტიკეს შეჯახებებს გულისხმობდა, არანაკლებ მწვავე შეჯახებები იყო თვით ქვეყნის შიგნით, განსაკუთრებით სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი ფეოდალების მხრივ. დავით აღმაშენებლის მთავარი დამსახურება იმაში მდგომარეობს, რომ მან მუდმივი ჯარის შექმნით არამარტო უცხოელ ურდოებისაგან დაიცვა საქართველო, არამედ შეძლო "აელაგმა დიდგვაროვანთა თავნებობაც, რომელნიც წინააღმდეგობას უწევდნენ სახელმწიფო ძალაუფლების ღონისძიებებს" (გვ. 16). რასაკვირველია, დავითის გარდაცვალების შემდეგ დიდგვაროვნებს ეს ბრძოლა არ შეუწყვეტიათ. მწვავე ბრძოლები მიმდინარეობდა გიორგი III-ის დროსაც. მის დროს საქართველოს წინაშე პრობლემა დადგა, შეეძლო თუ არა ქალს, მეფის ასულს, დაეკავებინა სამეფო ტახტი. მეფეს ეს შეეძლო გადაეწყვიტა უმაღლესი სახელმწიფო საბჭოს თანხმობით და უმაღლესი სამღვდელოების სანქციით, რომლის ხელში იყო იმ დროისათვის მეტად მნიშვნელოვანი პრეროგატივა – გვირგვინის საეკლესიო წესით კურთხევა, თამარის მამამ გიორგი მესამემ ამის გატარება შეძლო მხოლოდ ეკონომიკურ და პოლიტიკურ დათმობათა წყალობით.

თამარის მეფობის დროს სახელმწიფო წყობილება ინტენსიური პოლიტიკური ბრძოლის შემდეგ საბოლოოდ ჩამოყალიბდა და შეიქმნა შეზღუდული კონსტიტუციური მონარქია. თამარის სამეფო ხელისუფლების ძალა ვრცელდებოდა მთელს კავკასიაზე შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე და გადადიოდა ჩრდილოეთ კავკასიაში, რომელიც ვასალური სამფლობელოს სახით საქართველოს ფარგლებში შემოდიო- და. ვასალურ დამოკიდებულებაში იყო ჩრდილოეთ სპარსეთი ყაზვინამდე, ხოლო დასავლეთით არზრუმში საქართველოს სახელმწიფო დროშა ფრიალებდა.

ქართველი ისტორიკოსი შენიშნავს, რომ თამარ მეფე უარს ამბობდა საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში შემავალი ქვეყნების ინკორპორაციაზე და მხოლოდ ვასალური დამოკიდებულებით იზღუდებოდა. იგი ამგვარი კონსოლიდაციით სრულიად მიღწეულად თვლიდა თავის სახელმწიფოებრივ მიზნებს. ამ ვითარებაში, თუკი წონასწორობის პოლიტიკას დაარღვევდა რომელიმე მეზობელი, სწორედ მაშინ საქართველოს მთავრობა თავის ჯარებს გზავნიდა დარღვეული წონასწორობის აღსადგენად. ზოგჯერ ისეც ხდებოდა, რომ მხედარმთავრები თვითონ იწყებდნენ ომს მეზობლებთან, ისე, რომ მეზობლები მას არ ემუქრებოდნენ.

არ შეიძლება თავისი დროის პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების მომენტები არ იპოვოს კაცმა "ვეფხისტყაოსანში". თუმცა იქ დასახელებულია არაბები, სპარსელები, ინდონი, ხატაელნი, მაგრამ ისინი აზროვნებენ, ცხოვრობენ, იბრძვიან სრულებითაც არა ისე, როგორც ეს იქნებოდა იმ ქვეყნებში, რომლებიც იქაა დასახელებული. "შოთა რუსთაველის გმირებში ქართველის გული ძგერს, მის გმირებს მაშინდელი საქართველოს საკითხები აღელვებს" (გვ. 19). შოთა რუსთაველი მარტო თავისი საზოგადოებისათვის არ ყოფილა მოწინავე, არამედ იგი "იცავდა ისეთ იდეალებს, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ შვიდსაუკუნე-ნახევარი გავიდა, ძვირფასია ჩვენთვის, საბჭოთა სახელმწიფოს მოქალაქეთათვის, სადაც ეროვნებათა თანასწორუფლებიანობა განხორციელებულია და თანასწორუფლებიანობის პრინციპი უცილობელ დოგმად არის მიჩნეული" (გვ.19).

მხატვრულ სახეებში ასახული პოლიტიკური ტენდენციები დღესაც გვხიბლავს თავისი მაღალი ესთეტიკური მიმზიდველობით.

პოემაში მოცემულია სამხედრო ძალის ორი ტიპი, ერთი მხრივ, ესაა უხეში ფიზიკური, სამხედრო ძალა, როცა პირადი ვაჟკაცობა, პირადი სიმამაცე წარმოადგენს ერთადერთ ნორმას, რომელიც განაგებს სახელმწიფოს, მეორე თუ იშიშვლებს ხმალს, იშიშვლებს მხოლოდ იმისათვის, რომ გაათავისუფლოს ჩაგრულნი. აქ, ივ. ჯავახიშვილის აზრით, გვაქვს ორი სისტემის, ორი მიმდინარეობის, ორი პოლიტიკური დოქტრინის ასახვა, რომლებიც საქართველოში იყო და რომელთა შორის იმ ეპოქის საქართველოში წარმოებდა ბრძოლა. პირველს ტარიელი გამოხატავს, მეორეს ავთანდილი. ივანე ჯავახიშვილის აზრით, შოთა რუსთაველის მთავარი გმირია ავთანდილი. იგი წერს: "ჩვეულებრივ ფიქრობენ, რომ შოთა რუსთაველი აღტაცებულია ტარიელით, რომ ტარიელი მისი საყვარელი გმირია. ეს მცდარი აზრია. საკმარისი გავიხსენოთ ის დახასიათება, რომელსაც იგი ტარიელს აძლევს რათა გავიგოთ, რომ იგი აღტაცებულია მხოლოდ მისი სიმამაცით, ტარიელის მხოლოდ პირადი ვაჟკაცობით" (გვ.18).

ივ. ჯავახიშვილის მოხსენებას შთაგონებით ისმენს მრავალრიცხოვანი შეკრებილობა, მაგრამ სრულიად მოულოდნელად მაშინ, როცა იგი საქართველოს სახელმწიფოს შიგნით საეკლესიო რელიგიური უთანხმოების შესახებ ჰყვებოდა, დარბაზში ატყდა ოვაცია. მომხსენებლისათვის ეს მოულოდნელი იყო ტექსტის თვალსაზრისით. მალე მან შეამჩნია, რომ ეს ტაში დარბაზში ახლადშემოსულ 91 წლის ყაზახეთის სახალხო აკინს ჯამბულ ჯაბაევს ეკუთვნოდა, რომელიც რუსთაველმა და ხალხთა მეგობრობამ მოიყვანა აქ.

მომხსენებელი მაშინვე ტაშით შეუერთდა ოვაციის მონაწილეთ.

ივ. ჯავახიშვილმა მოხსენებაში გადაჭრით გასცა პასუხი კითხვაზე, თუ რა შეადგენს "ვეფხისტყაოსნის" ძირითად იდეას: "რაინდული სიყვარული თუ ძმადნაფიცობის იდეა – ხალხთა ძმობის იდეა". მისი დასკვნით, სავსებით უეჭველია, რომ "იდეა ძმობისა, ამა თუ იმ ეროვნებისადმი, ამა თუ იმ სარწმუნოებისადმი კუთვნილების დამოუკიდებლად, წარმოადგენს ძირითად იდეას, რომლის გულისათვის დაიწერა შოთა რუსთაველის ეს გენიალური პოემა" (გვ. 18). და სწორედ ამ იდეასთან ერთად არასოდეს მოკვდება ეს დიდი პოემა.

დამსწრენი აღტაცებით ხვდებიან მოხსენებას. ღრმა შთაბეჭდილებები ამ მოხსენების გამო შემდგომაც გამოითქვა. დიდი რუსი მკვლევარი აკად. ვ.თ. შიშმარიოვი ხარობდა პეტროგრადის უნივერისტეტის პროფესურიდან მისი მეგობრის ივ. ჯავახიშივილის წარმატებით, იმით, რომ "მან აჩვენა თავისი კვლევითი ნიჭის მთელი ბრწყინვალე და ნათელი მხარეები". ასევე აღტაცებით წერდნენ ამ მოხსენებაზე აკადემიკოსები ვ.ვ. სტრუვე და ი.ი. მეშჩანინოვი. უფრო გვიან, სამი წლის შემდეგ, ნ. ტიხონოვი, ა. ფადეევი და ვ. გოლცევი ივ. ჯავახიშვილის გარდაცვალების გამო გამოგზავნილი სამძიმრის ტექსტში საჭიროდ თვლიან აღნიშნონ ის დაუვიწყარი შთაბეჭდილება, რაც მათი მეხსიერების ეკრანზე ივ. ჯავახიშვილის ამ მოხსენებამ დატოვა.

სერგო ჯორბენაძე

(1926-1998 წწ.)

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული

აკადემიის წევრ-კორესპონდენტი